Tuesday, October 6, 2009

ოქრო და ოქრომჭედლობა


ოქრო - მდიდრული და კეთილშობილი ლითონია. სუფთა ოქრო არ შედის რეაქციაში სხვა ნივთიერებებთან და არ ექვემდებარება კოროზიას.
ოქრო ძალიან რბილია და კარგად ემორჩილება დამუშავებას. გაბრტყელებული 1 კგ ოქროს ფირფიტით შეიძლება დაიფაროს 530 მ2 ფართობი.
ბუნებაში ოქრო იშვიათად არსებობს თვითნაბადის სახით. ის ძირითადათ მოიპოვება ოქროსშემცველი მადნიდან.
საინტერესოა, რომ კალიუმისა და ნატრიუმის ციანიდების მეშვეობით მადნიდან ოქროს გამოყოფის მეთოდი, პირველად გამოიმუშავა 1843 წელს პეტრე რომანის ძე ბაგრატიონმა. პ.რ. ბაგრატიონი (1818-1876) - ინჟინერი და მეცნიერი ფერადი ლითონების მეტალურგიაში - თავისი ბიძის, დიდი მეომრის პეტრე ბაგრატიონის ღირსეული მემკვიდრე იყო. რუსეთის იმპერატორის ამალის გენერალ-ლეიტენანტს ქვეყნის უმაღლესი პოსტებიც ეკავა: 1870-1876 წლებში ის იყო ლიფლანდიის, კურლანდიისა და ესტლანდიის გენერალ-გუბერნატორი.
ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს გვაცნობენ ბერძნული წყაროები (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, თბილისი, 1970). ძველ კოლხურ სამეფოში ჰქონიათ მამაპაპათა მიერ დანატოვარი “კვირბები”, რომლებიც ერთგვარ რუკებს წარმოადგენდნენ. სხვა ცნობით ოქროს საწმისი სინამდვილეში ტყავზე ნაწერი წიგნი იყო, რომელშიც აღწერილი იყო ქიმიური გზით ოქროს მოპოვების წესები. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეგრისსა და ქართლში კარგად იყო განვითარებული მეტალურგია, ქვითხუროობა, ოქრომჭედლობა, ხელოსნური წარმოების არაერთი დარგი, ოქროს მოპოვება და ოქრომჭედლობა ქართველების მოღვაწეობის ”ნაციონალურ სფეროდ” გვევლინება.

No comments:

Post a Comment